Thursday, June 11, 2009


აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელსაც უკავია მდინარე ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია. იგი რამდენიმე ისტორიულ ოლქს აერთიანებს: საძენი, ბზიფი, გუმა, აბჟუა, სამურზაყანო და წაბალ-დალი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური აფხაზეთი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიის მომცველი იყო და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს.

აფსნი, აფხაზეთის სახელწოდება აფხაზურ ენაზე.

ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ძვ. წ. VI-V სს-ში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურია, გიენოსი, ტრიგლიტი, პიტიუნტი და სხვები. ძვ. წ. I ს-ში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა, ხოლო მთიან ზონაში - მისიმიანთა სვანური გაერთიანება. III-IV სს-ში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. V-VI სს-ში აფხაზურმა ტომებმა დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა.



No comments:

Post a Comment